ახალი ამბები
ზუგდიდის მერია ქალებისთვის ხორცსაკეპ მანქანებს არ იყიდის
ზუგდიდში ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქალებისთვის ხორცსაკეპი მანქანების ყიდვაზე, რამაც საზოგადოების აზრთა სხვაობა გამოიწვია, ტენდერი ჩაიშალა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მერიაში უთხრეს. ამავე ცნობით, ტექნიკის ნაცვლად ქალებს 200 - 200 ლარის ოდენობის ფულად საჩუქარს, ვაუჩერებს და თაიგულებს გადასცემენ.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის, სასაჩუქრედ საოჯახო ელექტროტექნიკის შეძენაზე გამოცხადებული ტენდერი, საზოგადოებაში გამოწვეული აზრთა სხვაობის გამო გაუქმდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ქალთა დღესასწაულისთვის 20 სხვადასხვა ორგანიზაციიდან წარმოდგენილ ქალბატონს თაიგულს და 200 – 200 ლარს, ფულად საჩუქარს გადასცემს, რათა თითოეული მათგანის ინტერესი თანაბრად იქნეს გათვალისწინებული. ზუგდიდში მოქმედი 20 სხვადასხვა ორგანიზაცია ქალბატონებს თავად, საკუთარი კრიტერიუმებით შეარჩევს და წარადგენს",- ამბობენ მერიაში.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის სასაჩუქრედ 20 ხორცსაკეპი მანქანის შეძენას გეგმავდა. როგორც მერიაში ამბობდნენ, საჩუქრები იმ ქალებისთვის იყო განკუთვნილი, რომელთაც ქალაქის განვითარებაში შეაქვთ წვლილი. საზოგადოების ნაწილმა აღნიშნული გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც დისკრიმინაციული და პრობლემური.

Print