ახალი ამბები
სოხუმი: აფხაზური პასპორტის მიღება გალის რაიონის 1 070 მცხოვრებს სურს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრის ვალერი ბგანბას განცხადებით, მოქალაქეთა პასპორტიზაციის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ხოლო შესაბამისი სტრუქტურების მუშაობა - ეფექტიანი. ამის შესახებ მან საგანგებო თათბირზე განაცხადა, წერს „აბხაზია ინფორმი“. მისივე თქმით, გავრცელებული აზრი, თითქოს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პასპორტები მასიურად გაიცემა, მცდარია.

საპასპორტო სამმართველოს უფროსის ვადიმ კვაძბას ინფორმაციით, ამ დროისათვის ახალი ნიმუშის „აფხაზური პასპორტების“ მიღების მსურველთა 48 591 განაცხადი შევიდა, ამასთან დოკუმენტები უკვე გაიცა 141 319 მოქალაქეზე, ხოლო დამზადებული პასპორტები ჯერ არ გაუტანია 2 034 ადამიანს. მათ შორის, გალის რაიონის საპასპორტო სამმართველოში 1 071 განაცხადია შესული, გაცემულია – 687, ხოლო 28 დოკუმენტი მზადაა გასაცემად.

შეხვედრის მონაწილეებმა პასპორტიზაციის პროცესის დაჩქარების გზებზე იმსჯელეს. გაბნიას თქმით, „ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ 22 მარტს „დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები მითქმა - მოთქმის გარეშე ჩატარდეს“.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „საპარლამენტო კომისიამ“ აფხაზური პასპორტების უკანონო გაცემის“ ფაქტები გამოავლინა. „გენერალური პროკურორის“ ადგურ აგრბას განცხადებით, აღნიშნულზე მოკვლევა უკვე დაიწყო.



Print