რეგიონი
ზუგდიდის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ნაწილს ყინულის სახლის ადგილას სასტუმროს მშენებლობა არ მოსწონს
ზუგდიდის განაშენიანების გენერალური გეგმის მეორე ეტაპის საჯარო განხილვა სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში დღეს გაიმართა. პროექტის კონცეფციის მიხედვით, ქალაქის ცენტრალური ქუჩები უნდა მოწესრიგდეს და ის მორგებული უნდა იყოს ფეხით მოსიარულეებისთვის. გარდა ამისა, უნდა მოეწყოს გამწვანებული ტერიტორიები და ველობილიკები. საუბარი ასევე შეეხო ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, ყინულის სახლის ტერიტორიაზე დაგეგმილი სასტუმროს მშენებლობას. ქალაქის განვითარების გეგმაზე მომუშავეთა ნაწილი ბოტანიკური ბაღის სიახლოვეს ნებისმიერ მშენებლობას ეწინააღმდეგება, თუმცა აქვე განმარტეს, რომ ეს მათი პირადი აზრია და აღნიშნული საკითხები ხელისუფლებამ მოსახლეობასთან კონსესუსის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს.

„ეს საკითხი ჩვენზე არა არის დამოკიდებული და რასაცა ახლა ვიტყვი არის ჩემი პირადი აზრი. ეს ადგილი საჭიროებს მოწესრიგებას და მას რაღაც დატვირთვა უნდა ჰქონდეს. იქ თუ რამე აშენდება, უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს დიდი საზოგადოებრივი კონსესუსის შედეგი. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ეს არ მომხდარა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის საერთოდ არანაირი მშენებლობა არ უნდა განხორციელდეს. გასაგებია, რომ ეს არის ქალაქის ფინანსური დაინტერესება, ქალაქს სჭირდება ეს თანხა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს ადგილი უფრო ფასეულია ვიდრე ეს თანხა“, - თქვა საპროექტო ჯგუფის წარმომადგენელმა ვაჟა კუხიანიძემ.

საპროექტო ჯგუფის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ფესტივალების და ღია ბაზრობების მოწყობა იქნებოდა შესაძლებელი. ყინულის სახლის ტერიტორიის გასხვისებას საზოგადოების ნაწილი არ ეთანხმებოდა. სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ ზუგდიდში აქციებიც კი გაიმართა. მიუხედავად ამისა, საკრებულომ ტერიტორიის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის გადაწყვეტილება 7 ივნისს მიიღო.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერია ყინულის სასახლის ტერიტორიას ყიდის
Print