რეგიონი
ენმ აუდიტის მიერ ზუგდიდში გამოვლენილ ხარვეზებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში განცხადება შეიტანა. მისი თქმით, დასკვნაში ასახული ხარვეზები იძლევა იმის საფუძველს, რომ გამოძიება დაიწყოს.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თავის დასკვნაში დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ წლების წინ ვსაუბრობდით, რომ ადგილობრივი მერია ზუგდიდში არის ქურდი და  კრიმინალი, რომლიც პირადი ინტერესებისთვის იპარავს იმ ფულს, რომელიც უნდა მოხმარდეს მოსახლეობას. 20-მდე უხარისხოდ შესრულებული პროექტი, ნეპოტიზმი, უაზროდ გაზრდილი შტატები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნაყიდი საწვავი, რომელიც პირად მიზნებს ხმარდებოდა. კორუფციული ნიშნებია სოციალური სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით. ასევე ინტერესთან შეუთავსებლობა იმ მშენებელ კომპანიებს შორის, რომლებიც მონაწილეობენ ტენდერში მერიის თანამშრომლებთან. ყველა ეს საკითხი იძლევა იმის საშუალებას, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. დღეს ჩვენ მივმართავთ პროკურატურას“, - ამბობს ანა წითლიძე.

აუდიტის სამსახურმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2017-2018 წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით ხარვეზები გამოავლინა.
Print