ახალი ამბები
„არა ბულინგს“ - სტიკერი ყველა ზუგდიდელი მოსწავლის მერხზე (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდში ბულინგის თემაზე შექმნილი სტიკერების დარიგება მე-4 საჯარო სკოლიდან დაიწყო. მათი დიზაინი ზუგდიდელმა მოზარდმა გიგი სიჭინავამ შექმნა.
 ნამუშევარში მის მიერ გამოგონილი პერსონაჟი 11 წლის ნიკუშაა გამოსახული, რომელსაც სახეზე დაზიანებები აღენიშნება და თანატოლები დასცინიან.

აღნიშნული ინიციატივა გიგის დედას ნათია სახოკიას ეკუთვნის, რომელიც მან საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით განახორციელა.

"განვიცდი რომ ჩხუბობენ ბავშვები, არ მინდა იჩხუბონ. არ მიყვარს, რადგან ძალიან განვიცდი. ნახატზე ნიკუშაა, 11 წლის", - ამბობს გიგი სიჭინავა.

ნათია სახოკიას ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის დაბეჭდილია 8 ათასი სტიკერი და ისინი ქალაქის სკოლებში დარიგდება.

"მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეა გიგი და კონკურსის ფარგლებში "არა ბულინგის" თემაზე უნდა შეესრულებინა ნახატი. როცა გიგიმ მანახა ეს ნახატი, კარგად შესრულებული იყო აღსაქმელად. პირობითად, ძალადობდნენ ბიჭზე. ვიფიქრე, რომ მივსულიყავი ბატონ კახასთან და გამეზიარებინა ნახატის ამ სახით გავრცელების იდეა. მან მითხრა, რატომ მხოლოდ მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის? დაუკავშირდა მერიის წარმომადგენლებს და ასე მიიღეს გადაწყვეტილება გიგის ნახატის სტიკერებისთვის თანხა გამოეყო მერიას და მადლობა ამ თანადგომისთვის", - აღნიშნა ნათია სახოკიამ.

მისივე თქმით, სტიკერები ყველა საჯარო და კერძო სკოლაში, მერხებზე თვალსაჩინო ადგილას გაიკვრება.

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის კახა ფარცვანიას თქმით, აღნიშნული აქცია ბულინგის პრევენციას გულისხმობს და მიზნად ისახავს მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას ძალადობისა და ჩაგვრის შედეგებზე.

"სკოლა არის ყველაზე დიდი თავშეყრის ადგილი და არ არსებობს სკოლა, სადაც არ არის მსგავსი შემთხვევები. თუ ბულინგი არა, ძალადობის ნიშნები მაინც. შესაბამისად, მგონია რომ პრევენციის მიზნით მაინც მნიშვნელოვანია დავიწყოთ რაღაც კონკრეტული ღონისძიებები. ამიტომ დაიწყო კამპანია "არა ბულინგს სკოლაში". სანამ ცუდს გაიფიქრებენ ან მოიმოქმედებენ, დახედავენ გიგის ნახატს და მიხვდებიან რომ არ შეიძლება გული ატკინო თანატოლს", - თქვა კახა ფარცვანიამ.

გიგი სიჭინავა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოზარდია. მას საკუთარი სახელოსნო აქვს, რომელიც მშობლებმა გაუხსნეს. გიგის 250-მდე პორტრეტი, 60-ზე მეტი ნახატი და 300-მდე ინოვაციური მანქანა და ნაძერწი ნივთი აქვს შექმნილი. მან მონაწილეობა მიიღო არაერთ გამოფენაში.


Print