ახალი ამბები
რუსული ლაინერის "კნიაზ ვლადიმირის" სოხუმში შესვლა პანდემიის გამო გადაიდო
სოხუმში საკრუიზო ლაინერის "კნიაზ ვლადიმირის" შესვლა, კორონავირუსის პანდემიის გამო, გადაიდო, წერს "აბხაზია ინფორმი". მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლაინერი ქალაქის ნავსადგურში 2020 წლის 4 მაისს უნდა შესულიყო. შესაბამის შეთანხმებას სოხუმმა და "შავი ზღვის კრუიზებმა" 2018 წელს მიაღწიეს.

"აფხაზეთის საზღვაო ნაოსნობის" ინფორმაციით, ჩატარებულია ყველა აუცილებელი სამუშაო და შეზღუდვების მოხსნის და ნავიგაციის აღდგენის შემდეგ, პორტი შეძლებს "კნიაზ ვლადიმირის" მიღებას. ამავე ცნობით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები რუსეთში.

საცდელი რეისი სოხუმის ნავსადგურში რუსულმა საკრუიზო ლაინერმა, მგზავრების გარეშე, 2019 წლის დეკემბერში შეასრულა. მანამდე, პორტის მთავარ ნავმისადგომთან ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები ჩატარდა.


Print