ახალი ამბები
სკეიტპარკში ყინულის მოედანს მალე დაშლიან
ზუგდიდში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებული ყინულის სასახლის ბენდელიანის ქუჩაზე გადატანისთვის მზადება დაიწყო. შესაბამისი კონკურსი ზუგდიდის მერიამ გასულ თვეში გამოაცხადა. გამარჯვებულმა პრედენდენტმა - შპს „ვეგამ“ პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო.

საკონკურსო დოკმენტების მიხედვით, შესყიდვა მოედნის არქიტექტურულ გადაწყვეტას, ესკიზური პროექტის შემუშავებას, საპროექტო სამუშაოების ჩატარებას, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და საჭიროების შემთხვევაში მასზე საავტორო ზედამხედველობას გულისხმობს.

შესყიდვის ღირებულება 63 500 ლარს ოდნავ აღემატება.

ინფორმაციითვის, ბენდელიანის ქუჩაზე, ძველ პარკში (ყოფილი კომკავშირის პარკი) ევროსტანდარტების სპორტკომპლექსის და საცურაო აუზის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ პირველი განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ 2018 წელს ზუგდიდში ყოფნისას გააკეთა.

სკეიტ პარკში მდებარე ყინულის სასახლის ტერიტორია სამშენებლო კომპანია m² - მა 7 270 118 ლარად შეიძინა. კომპანია 80 ნომრიან საერთაშორისო სტანდარტების ბრენდულ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს.

Print