ახალი ამბები
ენგურის ხიდზე ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებს ატარებენ
სოხუმის გადაწყვეტილებით ენგურის ხიდზე შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. მოქალაქეებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან უკან დაბრუნება შეუძლიათ. მათ არ იციან, უნდა იქონიონ თუ არა Covid - უარყოფითი ტესტის პასუხი ან გადაიყვანენ თუ არა საკარანტინო ზონაში, თუმცა საკონტროლო გამშვებ პუნქტზე თერმოსკრინიგი ყველას უტარდება.

აფხაზურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 მაისიდან ენგურის ხიდის გადაკვეთას და მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებას შეძლებენ "აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეები", რომლებიც მკურნალობის მიზნით, დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. "მთავარი ეპიდემიოლოგის" ლუდმილა სკორიკის განცხადებაში ნათქვამია, რომ "მოქალაქეების აფხაზეთში ორგანიზებული დაბრუნება ხორციელდება 2005 წლიდან მოქმედი საერთაშორისო სამედიცინო-სანიტარული წესების ფარგლებში, რომელიც გამოიყენება კარანტინის და განსაკუთრებით საშიში დაავადებების გავრცელების დროს".

ამავე ცნობით, ენგურის ხიდზე განთავსებულ გამშვებ პუნქტზე მოქალაქეებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. გარდა ამისა, მათ თან უნდა იქონიონ კორონავირუსზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის დამდასტურებელი საბუთი. აღნიშნულის არქონის შემთხვევაში, მათ ბიოლოგიური მასალას აუღებენ, რომელიც გამოსაკვლევად გაიგზავნება. მოქალაქეებმა, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვარს გადაკვეთენ ენგურზე, ორკვირიანი თვითიზოლაციის რეჟიმი უნდა დაიცვან.

კორონავირუსის პანდემიის გამო, სოხუმმა ენგურის ხიდი 14 მარტს დაკეტა.





Print