რეგიონი
სენაკში გამოძალვისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1976 წელს დაბადებული ა.გ. "ქურდული სამყაროს" წევრობისა და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით სენაკში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ა.გ. და მისი საზღვარგარეთ მყოფი შვილი - 2001 წელს დაბადებული გ.გ., ვითომდა ჩეჩნური დაჯგუფების ლიდერების - "მაგამედისა" და "ხაკიმის" სახელით, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის - თემური გვასალიას (მეტსახელად "თემურ სოხუმსკი") დახმარებით, მოქალაქეს - 1967 წელს დაბადებულ მ.ყ.-ს, ვაჟიშვილის გატაცების, ასევე, მისი და მისივე ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 60 000 აშშ დოლარს სძალავდნენ.

სამართალდამცველებმა ა.გ. დაზარალებულისგან მოთხოვნილი თანხის გამოძალვის დროს დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, გამოძალული თანხის ნაწილი - 10 000 აშშ დოლარი ნივთმტკიცების სახით ამოიღო", - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაკავებულ ა.გ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა, რაც "ქურდული სამყაროს" წევრობას გულისხმობს. მის წინააღმდეგ საქმე ასევე 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით აღიძრა, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს. ამასთან, გამოძიება კიდევ ერთი - 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითაც მიმდინარეობს.
Print