რუხის საავადმყოფოში კოვიდდადებითი ერთ-ერთი პაციენტი თითქმის 40 დღეა მკურნალობს
რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში ამ ეტაპზე 2 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამის შესახებ რადიო "ათინათს" საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ქარცივაძემ უთხრა. ერთ-ერთი მათგანი 40 წლამდე ქალია, რომელიც კლინიკაში თვეზე მეტია იმყოფება. ის ტრაილერის მძღოლის კლასტერიდანაა. ხოლო მეორე 70 წლის მამაკაცია, რომელიც ზუგდიდში რუსეთიდან, ნათესავის სამძიმარზე ჩამოვიდა.
"აბსოლუტურად უსიმპტომო პაციენტები არიან, სრულებით დამაკმაყოფილებელი, კლინიკური გამოვლინება დაავადების არანაირი მათ არ აქვთ, ერთთანაც და მეორესთანაც PCR პასუხი მოგვდის სუსტად დადებითი, რის გამოც რჩებიან სტაციონარში. ეს არ არის გამონაკლისი, არც საქართველოში, არც მსოფლიოში. ამჟამად, დიდი ალბათობით, შეიძლება განვიხილოთ ასე, აქ დაავადება სავარაუდოდ დასრულებულია. პრაქტიკულად, შეიძლება ორივე გამოჯანმრთელებულიც კი იყოს, ეპიდემიოლოგირად ალბათ საშიშები არ არიან, უბრალოდ ასეთი ფენომენი ახასიათებს ხოლმე რიგ შემთხვევებში. ეს იყო რესპუბლიკურში, იყო ინფექციურ საავადმყოფოშიც, იყო ბოჭორიშვილშიც, ბევრგან ხდებოდა მსგავსი რამ, რომ სადღაც თვენახევრის განმავლობაში იღებდნენ სუსტად დადებით პასუხს. ასე რომ, ეს გამონაკლისი არ არის", - განმარტავს ქარცივაძე.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გუშინ ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 147 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. მათ შორის არიან ცხელების კლინიკების პაციენტები, მედიკოსები, საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები და შსს-ს თანამშრომლები, ასევე საკარანტინო ზონასა და თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეები. 146 მათგანის ანალიზის პასუხი უარყოფითია, ხოლო ერთი პაციენტი (ახალგაზრდა ქალი, ტრაილერი მძღოლის კლასტერიდან) კვლავ კოვიდ-დადებითად რჩება.
მასალის გამოყენების პირობები