ახალი ამბები
სუს-მა ფოთში უცხოური საწარმოს თანამშრომელი კომერციული მოსყიდვის ბრალდებით დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე უცხოური საწარმოს მსს „საფეჯის მუდმივი დაწესებულების“ თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას სუსი ავრცელებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 23 მაისს დაიწყო. გამოძიებით დგინდება, რომ მსს „საფეჯის მუდმივი დაწესებულების“ საქართველოს წარმომადგენლობის თანამშრომელი ზედამხედველობას უწევდა, ქ. ფოთში, შპს “TAHAL GROUP B.V.“-ისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ საკანალიზაციო ქსელის მშენებლობის პროცესს. იმ მოტივით, რომ საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელს, ინფრასტრურქტურულ პროექტში ჩართული კომპანიის შპს ,,პოზიტივ ფაილის“ მფლობელისათვის პრობლემები არ შეექმნა, გაჭიანურებული სამუშაოების შესახებ დამკვეთისთვის არ ეცნობებინა და სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას გამოვლენილ უზუსტობებზე რეაგირება არ მოეხდინა, შპს-ს ხელმძღვანელს 2018 წლიდან დღემდე ეტაპობრივად მოსთხოვა და გამოართვა 44 000 ლარი“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, (საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით), რაც სასჯელის სახით ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

Print