რეგიონი
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
დღეიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტებს პირველი გამოცდის ჩაბარება ქართულ ენასა და ლიტერატურაში უწევთ. გამოცდაზე რეგისტრაცია 08:00 საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად დაიწყო.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში ტარდება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, საგამოცდო ცენტრებში სპეციალური წესები მოქმედებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება ხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილია გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორებაა მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. გამოცდები 25 ივლისს დასრულდება.

Print