ახალი ამბები
სოხუმი: 13 ივლისიდან დღემდე სამეგრელოდან აფხაზეთში 442 მოქალაქე დაბრუნდა
13 ივლისიდან ენგურის ხიდზე განთავსებული ე.წ. საკონტროლო - გამშვები პუნქტი 442 მოქალაქემ გადაკვეთა, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უსაფრთხოების სამსახურის" წარმომადგენელმა რუსტამ ლატიპოვმა ინტერნეტ გამოცემა "აბხაზია ინფორმს" განუცხადა.

"ძირითადად, ისინი გალის რაიონის მცხოვრებლები არიან, რომელთაც ბინადრობის მოწმობა და ე.წ. ფორმა №9 აქვთ", - დასძინა მან.

ამავე ინფორმაციით, სამეგრელოდან აფხაზეთში დაბრუნების მსურველებს ე.წ. საკონტროლო - გამშვები პუნქტის კვეთა 13-15 ივლისს - 09:00-დან 19:00-მდე, ხოლო 16-17 ივლისს - 09:00-დან -15:00 საათამდე შეუძლიათ. გადამსვლელებმა თან უნდა იქონიონ "აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის" პასპორტი, 2016 წლის ნიმუშის აფხაზური პასპორტი, ფორმა #9, ბინადრობის მოწმობა, 14 წლამდე ბავშვებისთვის კი დაბადების მოწმობა. "ჰუმანიტარული კორიდორი" 17 ივლისამდე იმოქმედებს.

სოხუმის გადაწყვეტილებით, პანდემიის გამო 14 მარტს ჩაკეტილი ენგურის ხიდი, 22 ივნისიდან სამი დღით იყო გახსნილი, 24 ივნისს ისევ ჩაიკეტა. მანამდე, 26 მაისიდან, აფხაზურმა მხარემ ასევე ცალმხრივად, ერთი კვირით გახსნა ენგურის ხიდი. ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, ამ პერიოდის განმავლობაში სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი 2085 ადამიანმა გადაკვეთა.



Print