ახალი ამბები
სპეცოპერაცია ზუგდიდში - პოლიციამ ე.წ. მაყურებელი დააკავა
ზუგდიდში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ბადრი ფიფიას ადვოკატი სამართალდამცავების მხრიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის იარაღის და ნარკოტიკების "ჩადებაზე" საუბრობს. ჯიტა გულუას კითხვები იმ ფაქტთან დაკავშირებითაც უჩნდება, რომ ფიფია იმერეთის სამხარეო პოლიციამ დააკავა. ადვოკატის ინფორმაციით, ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ დაკავებულის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები მათ არ ეკუთვნით.

„ადგილი აქვს ,,ჩადებას“... მისმა მეუღლემ ტანსაცმელი თავად მიაწოდა და იქვე ჩაიცვა, ამის შემდეგ კლასელმა დაურეკა და მასთან ჩავიდა. დაელაპარაკა რამდენიმე წუთი და როდესაც კიბეებზე ამოდიოდა სადარბაზოში მოხდა მისი დაკავება. მას ის უფრო აწუხებს „ჩადება“ რატომ მოხდა ამ პერიოდში. ეს არის მისთვის გამაოგნებელი და შემაწუხებელი, ვიდრე მისი დაკავების ფაქტი“, - აღნიშნა ჯიტა გულუამ.

ბადრი ფიფია დაკავებული არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე, მეოთხე ნაწილებით და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და განსაკუთრებულად დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, ბადრი ფიფია ზუგდიდის ე.წ. მაყურებელია.
Print