ახალი ამბები
ენმ: "ქართული ოცნება" პოლიციელებს საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს
ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობა" მმართველ პარტიას ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანების გამოყენებასა და წინასაარჩევნო პროცესში მათ იძულებით ჩართვაში ადანაშაულებს. პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ანა წითლიძის მტკიცებით, სამართალდამცავები, დაცვის პოლიციისა და სუს-ის თანამშრომლები საარჩევნო უბნებს არიან მიმაგრებულები და აქვთ დავალება ესა თუ ის უბანი ნებისმიერ ფასად მოიგონ.

"ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ სიას ადამიანების, რომლებიც მუშაობენ ზუგდიდში სხვადასხვა ძალოვან უწყებებში, არიან ზუგდიდელები, მაგრამ ასევე, შესაძლოა, მუშაობენ სხვადასხვა ქალაქში და არიან მიმაგრებულები ზუგდიდის კონკრეტულ საარჩევნო უბნებს. მათ ავალებენ აიღონ პასუხისმგებლობა კონკრეტულ უბნებზე. ძალიან სამწუხაროა, რომ ნაცვლად იმისა, რომ ძალოვანი ორგანოები ცდილობდნენ დაიცვან მოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესები, არიან ჩართულები წინასაარჩევნო პროცესში. მოვუწოდებ მათ, 2020 წლის ეს არჩევნები არ არის არჩევნები ორ პოლიტიკურ პარტიას შორის, წყდება, გვექნება თუ არა ქვეყანა. "ქართულ ოცნებას" მოვუწოდებ, საარჩევნო და პარტიული დავალებებით ნუ ზღუდავენ იმ ადამიანებს, ვინც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და უსაფრთხოებას უნდა იცავდნენ", - ამბობს წითლიძე.

"ქართულ ოცნების" წარმომადგენლები ყოფილი მმართველი პარტიის ბრალდებებზე კომენტარს, სავარაუდოდ, მოგვიანებით გააკეთებენ.

Print