ახალი ამბები
"ბიძინას ბუტკა" - ზუგდიდის საოლქოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს (ვიდეო)
ზუგდიდის საოლქოსთან ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი საოლქოს თავმჯდომარესთან, მირანდა მესხთან შეხვედრას მოითხოვენ და ამბობენ, რომ მათ აქვთ ოქმები, რომელშიც ნათლად ჩანს თუ როგორ გაყალბდა არჩევნები. აქციის მონაწილეები სკანდირებენ "მონა!", მათ ხელში უჭირავთ პლაკატები წარწერით "ბიძინას ბუტკა", "ნუ წაგვართმევთ არჩევანს!" და სხვ.


"შევუერთდით ზუგდიდელ ახალგაზრდებს, სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც მოვიდნენ დღეს და გააპროტესტეს ის, რაც ამ შენობაში ხდებოდა მთელი თვის განმავლობაში და 31 ოქტომბერს დააგვირგვინა მირანდა მესხმა. მოგვაქვს ის სამარცხვინო ოქმები, რომელთა საშუალებითაც  არჩევნები გააყალბეს და წაართვეს ზუგდიდელ მოსახლეობას.  ხელისუფლებამ დაგვახვედრა პოლიციის კორდონი. ეს არის პასუხი! ისინი მხოლოდ პოლიციის კორდონით შემოიფარგლებიან. ეს არის სამარცხვინო ხელისუფლება. გამორიცხულია ბიძინა ივანიშვილს შერჩეს ეს გაყალბება, გამორიცხულია ქართველმა ხალხმა, აი ამ ახალგაზრდებმა დაუთმონ მათ. მათია მომავალი, ესენი მაინც გაიტანენ და დაათმობინებენ ბიძინას იმ გაყალბებას, რომელიც მან ჩაიდინა 31 ოქტომბერს", - თქვა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ბათლომე შელიამ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცავები შეკრებილებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

Print