ახალი ამბები
ვახტანგ გომელაური ბადრის ესებუაზე: დღეს არა, ხვალ დავაკავებთ, სად წავა
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თადასხმაში ბრალდებული ძებნილი ბადრი ესებუას დაკავების თემა უწყების ღირსების საკითხია. ამის შესახებ მან საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

გომელაური ამბობს, რომ ქვეყანაში 20 და 16 წლის განმავლობაში ძებნილი დამნაშავეებიც არიან, თუმცა მათი დაკავება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

„რა თქმა უნდა, გვქონდა ჩვენ საუბარი, ირაკლი ჩიქოვანიც იქ იყო, პრემიერთანაც იყო საუბარი და ერთპიროვნულად გადაწყვიტეს, რომ არანაირი ადამიანის დაშავება. „თუ დააკავებთ ხომ ძალიან კარგი, თუ არა და სისხლი არ დაიღვაროს“, - და მაქსიმალურად ასე გაკეთდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვმუშაობთ ამ თემაზე, ოპერატიულ ინფორმაციებზე ღიად ვერ ვისაუბრებ, თუმცა ეს იქიდანაც ჩანს, რომ დავაკავეთ მისი ძმა. იყო ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი აწვდიდა მას საკვებს, აღმოაჩნდა შემდეგ დამატებით კიდევ ვაზნები და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერება თან, ეს ადამიანი იყო, რომელმაც 15 წუთით ადრე, ზუსტად, სანამ მივაკითხეთ და დავადგინეთ, სადაც იყო, გაიყვანა თავისი მანქანით თავისი ძმა, ტყეში გაიყვანა და იქიდან გაიქცა და მიიმალა უკვე. ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე კითხვები ჟურნალისტების მხრიდანაც, თუ რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით, საქართველოში ჩვენ გვყავს 20 წლის განმავლობაში ძებნილები, რომლებიც საქართველოში არიან და ქვეყანა არ დაუტოვებიათ, გვყავს 16 წლის განმავლობაში ძებნილი, გვყავს ისეთი, რომელმაც 2006 წელს ჩაიდინა მკვლელობა და დღესაც არ არის დაჭერილი. ისე, ნუ უკვირთ ხოლმე ჩვენს ოპოზიციას, რომ რა ხდება, რა ვერ დააკავეთ ერთ და ორ თვეშიო? ჩვეულებრივი თემაა. სად წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთ. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ადამიანი იქნეს დაკავებული. ეს, პირველ რიგში, ჩვენთვის არის ღირსების თემა და მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად დავაკავებთ“, - განაცხადა გომელაურმა.

ბადრი ესებუას შინაგან საქმეთა სამინისტო ორ თვეზე მეტია ეძებს.


ამავე თემაზე:

გომელაური ბადრი ესებუას საქმეზე: დავაკავეთ მისი ძმა, რომელიც ეხმარებოდა
Print