ახალი ამბები
სოხუმი მოსკოვს "იაპონჩიკის" სავარაუდო მკვლელებს არ გადასცემს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება უარს ამბობს მოსკოვს გადასცეს "იაპონჩიკის" სახელით ცნობილი "კანონიერი ქურდის" ვიაჩესლავ ივანკოვის დაკვეთილი მკვლელობის სავარაუდო შემსრულებლები. ამის შესახებ "პროკურატურის" განცხადებაშია ნათქვამი, წერს "ეხო კავკაზა".

უწყების ინფორმაციით, რუსეთის გენერალური პროკურატურისგან მიიღეს მიმართვა სამართლებრივი დახმარების შესახებ, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მიმდინარეობს. თუმცა, როგორც " პროკურატურა" აცხადებს, მიმართვა არ ითვალისწინებს პაპავას და ბუთბას დაკავებას და გადაცემას, რადგან "აფხაზეთის კონსტიტუციით და კანონმდებლობით აკრძალულია სისხლისსამართლებრივი დევნისთვის უცხო სახელმწიფოსთვის აფხაზეთის მოქალაქეების" გადაცემა".

გამოცემის ცნობით, მანამდე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დადგენილია "იაპონჩიკის" სახელით ცნობილი "კანონიერი ქურდის" ვიაჩესლავ ივანკოვის დაკვეთილი მკვლელობის შემსრულებელთა ვინაობა, ისინი ამჟამად აფხაზეთში იმყოფებიან, საერთაშორისო ძებნა გამოცხადებულია და მუშავდება რუსეთში მათი ექსტრადიციის საკითხი. საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ეს პირები არიან "რუსეთის და "აფხაზეთის რესპუბლიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ასტამურ ბუთბა და ნუგზარ პაპავა".

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, "იაპონჩიკის" სახელით ცნობილი "კანონიერი ქურდი" ვიაჩესლავ ივანკოვი 2009 წელს, მოსკოვში მოკლეს. გამოძიების ვერსიით, მკვლელობა დაუკვეთა "კრიმინალურმა ავტორიტეტმა" ილია სიმონიამ, რომელსაც "კანონიერი ქურდის ტიტული" წლების წინ ჩამოართვეს "კანონიერმა ქურდებმა" ვიაჩესლავ ივანკოვმა და ასლან უსოიანმა. უსოიანი 2013 წელს მოკლეს,
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ძებნილ ასტამურ ბუთბას და ნუგზარ პაპავას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს და სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

დე ფაქტო პროკურატურაში აცხადებენ, რომ "აფხაზეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და რუსეთთან სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებით" შესაძლებელია ამ პირებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ რუსეთის კომპეტენტური ორგანოებისგან მიიღებენ საქმის შესაბამის მასალებს.

Print