ახალი ამბები
გეგა შენგელია: შენობის ნგრევის შედეგად მსხვერპლი არ არის, ყველა ოჯახი ბინებით დაკმაყოფილდება
დევნილთა საცხოვრებელ სახლთან, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა, ზუგდიდის მერი გეგა შენგელია მივიდა. მისი თქმით, შენობაში მცხოვრები ოჯახები დევნილთა სააგენტომ ჯერ კიდევ დეკემბერში დააკმაყოფილა ბინებით, ხოლო ის ოჯახი, რომლის არასრულწლოვანი წევრი შენობის ჩამონგრევისას დაშავდა, საცხოვრებელი ფართით უახლოეს პერიოდში "სოფლად სახლის" პროგრამის ფარგლებში დაკმაყოფილდება.

"აღნიშნულ ობიექტზე, გამომდინარე იქიდან, რომ იყო მე-3, მე-4 კატეგორიის ნგრევადი ობიექტი, მოხდა შენობის ნგრევა. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის და ახლა მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. აღნიშნული ოჯახი, მონიტორინგის დროს, როგორც დევნილთა სააგენტო აღნიშნავს, არ იმყოფებოდა ადგილზე. როგორც კი ჩამოვიდა ოჯახი, მოხდა მათი მხრიდან განცხადების შეტანა, სოფლად სახლის პროექტში და მათზე არის მიღებული დადებითი გადაწყვეტილება, უახლოეს პერიოდში მოხდება უკვე დაფინანსებაც", - თქვა გეგა შენგელიამ.

მისივე ინფორმაციით, ყველა ოჯახი, რომელიც საცხოვრებლის გარეშე დარჩება, მუნიციპალიტეტისგან მიიღებს დროებით საცხოვრებელ ფართს, სანამ მათთვის გამოყოფილ ბინებში არ გადავლენ. 

დღეს ზუგდიდის ერთ-ერთ უბანში ძველი შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, მოზარდი დაშავდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამის დახმარებას უწევენ






Print