ახალი ამბები
ჩხოროწყუს მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ
ჩხოროწყუს მერიასთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მერის, დავით გოგუას გადადგომას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, სკოლის მოსწავლეებთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.  

"ვითხოვთ მერთან შეხვედრას. თუ ის დაგვემალება, ნიშნავს, რომ ის არ ასრულებს პრემიერ-მინისტრის მოწოდებას. ვითხოვთ მისი პასუხისმგებლობის დაყენებას, სანამ დააფარებს თავის მოძალადე თანამშრომლებს ხელს, ვიფიქრებთ, რომ ის ამ სიბინძურეში არის გარეული. იმოქმედოს დროულად", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ადგილზე საჯარო მოხელეებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. მერიის შენობასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩხოროწყუში მოსწავლეების მიერ მერიის შენობის დასუფთავების საკითხზე გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც უმკაცრესი რეაგირება ექნება. ინფორმაციისთვის, ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა. მოსწავლეებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს პოლიცია 150-ე მუხლით იძიებს.

ჩხოროწყუს მერიაში კი ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა მოწმის სახით რამდენიმე პირი უკვე დაკითხეს და გადაცდომის დამტკიცების შემთხვევაში ყველა მონაწილე პირი მკაცრად დაისჯება.





Print