ახალი ამბები
1000 მშობლის მარშს 8 მარტს ზუგდიდშიც შეუერთდებიან
ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ 100 დღიან კამპანიას, რომელიც გოგონებისა და ქალების მიმართ სქესობრივ ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული, ზუგდიდში შეუერთდებიან. ღონისძიება „1000 მშობლის მარში“ „ქალთა მოძრაობამ“ დაგეგმა, ზუგდიდში კი მას ორგანიზებას სამოქალაქო აქტივისტი ციცინო შენგელია უწევს. შენგელია ყველა მშობელს მარშში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

„აქედან იწყება საპროტესტო კამპანია და მომდევნო 100 დღის განმავლობაში ვითხოვთ სხვადასხვა ღონისძიებას, მათ შორის, რომ საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდეს უშუალოდ გაუპატიურების მუხლის მიმართულებით, პროკურატურაში შეიქმნას სპეციალური განყოფილება, რომელიც მხოლოდ ამ მიმართულებით იმუშავებს და სხვა. ყველა მშობელს ვეუბნებით, რომ გამოვიდეს შვილების გამო“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ციცინო შენგელიამ.

„ქალთა მოძრაობა“ თანამოაზრეებთან ერთად სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად რეფორმების გატარებას ითხოვს.

ზუგდიდში "1000 მშობლის მარშის" ფარგლებში აქცია 17 საათზე ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

100 დღიანი საპროტესტო კამპანიის ინიციატივა მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ქობულეთში 14 წლის გოგონამ, რომლის მიმართაც მანამდე სექსუალურად, ფიზიკურად და მორალურად იძალადეს, თავი მოიკლა.





Print