ახალი ამბები
ასლან ბჟანიას ყოფილ თანაშემწეს პატიმრობა შეუფარდეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ყოფილ თანაშემწეს, ახრა ავიძბას ადგილობრივმა ე.წ. სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დონბასელი სეპარატისტების ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური სოხუმში 4 მარტს დააკავეს. 6 მარტს მას პირთა ჯგუფთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, იარაღის უკანონოდ შენახვაში ბრალი წაუყენეს. მას 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, წერს "აფსნიპრესი".

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს ცნობით, "სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან" ერთად ჩატარებული ოპერაციის შედეგად, სოხუმის რაიონის სოფელ გუმისთაში, ახრა ავიძბას საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილია სხვადასხვა კალიბრის ტყვიები, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმმტყორცნები და ტყვიამფრქვევები, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტები და რადიოგადამცემი მოწყობილობები.

4 მარტს, ახრა ავიძბასთან ერთად დააკავეს 5 პირი. მათგან ოთხს,  ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ერთს კი, 9 მარტს გაათავისუფლებენ. 4 დაკავებული დონეცკის მცხოვრებია, ერთი კი ყაბარდო-ბალყარეთის.

ბრალდებულის ადვოკატი ინგა გაბილაია, "გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს". ახრა ავიძბამ 6 მარტიდან შიმშილობა გამოაცხადა. 

დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ავიძბამ განაცხადა, რომ აფხაზეთში შექმნა ახალი გაერთიანება, "ახალი ადამიანები". მანამდე, 2 მარტს ის ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობდა სოხუმის ცენტრში გამართულ მიტინგში, სადაც ბენურ კვირაიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ვიზიტს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ მის სკანდალურ ვიდეოს აპროტესტებდნენ.

გამოცემის ინფორმაციით, ახრა ავიძბას მინიჭებული აქვს "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის" წოდება. ის აქტიურად მონაწილეობდა ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისშიც, რომელსაც 2020 წლის იანვარში მოჰყვა "პრეზიდენტის" პოსტიდან რაულ ხაჯიმბას გადადგომა. ოპოზიციაში გადასვლის ერთ-ერთ მიზეზად იქცა 2019 წლის 22 ნოემბერს მისი ბიძაშვილის, 38  წლის კანონიერი ქურდის "ხასიკის" მკვლელობა.

2020 წლის ივნისიდან ახრა ავიძბა საერთაშორისო საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწედ დაინიშნა. მან "თანამდებობა" 9 ნოემბერს დატოვა და მიზეზად "საერთო საქმისადმი რწმენის დაკარგვა" დაასახელა.


Print