ახალი ამბები
გალიდან გადმოყვანილ ქალს, რომელიც ანაკლიის საკარანტინო სივრცეში გარდაიცვალა, გულის პრობლემები ჰქონდა - ახლობლები
ანაკლიის საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილ ქალს გულის პრობლემები ჰქონდა. ახლობლების ინფორმაციით, მას მიოკარდიუმის ინფარქტი ჰქონდა გადატანილი და სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადაეყვანათ, თუმცა მას არ დაუჯერეს და საკარანტინო სივრცეში მოათავსეს.

„უჩიოდა გულს, ჰქონდა ცუდი კარდიოგრამა, რა თქმა უნდა მას მიჰქონდა დამადასტურებელი დოკუმენტი და დახმარებისთვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო დაწესებულებისთვის უნდა მიემართა. საბუთი, რომელიც მას მიჰქონდა ყურადღება არ მიაქციეს და წაიყვანეს საკარანტინო ზონაში და ამ დროს სინამდვილეში იყო ძალიან ცუდად და შედეგმაც არ დააყოვნა“, - ამბობს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქალის თქმით, პრობლემებს აწყდებიან იმის გამო, რომ მათ ენგურის ხიდის გადმოკვეთის შემდეგ სავალდებულო კარანტინის გავლა უწევთ.

„შემთხვევები აქ ერთი ან ორი არ არის, არავინ არ გვაქცევს ყურადღებას, დიდი წნეხის ქვეშ ვართ. საზღვარგარეთიდან ჩამოსული ხალხი, რომლებსაც აქვთ პისიარ ტესტები და მიდიან შიდა იზოლაციაში, რატომ არ ხდება ასეთი რაღაცა ჩვენთან მიმართებაში? პენსიონერი, რომელიც გადმოდის და უნდა ექიმთან მისვლა, კარანტინში აგზავნიან. არიან ისეთი პენსიონერები, რომლებსაც შვილები არ ჰყავთ აქ, მარტო არიან სახლში, მარტო უვლიან სახლ-კარს, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკან დაბრუნება. მე მაგალითად, აგვისტოს თვეში ბავშვი მყავდა ცუდად, ჰქონდა ალერგია, გადავცურეთ ენგური და ბავშვი კინაღამ წყალში დამეხრჩო. ძალიან რთული ღამე გადავიტანეთ, ყოველივე ამის შემდეგ“,- ამბობს ის.

გალის რაიონიდან გადმოსული ექთნის საკარანტინო სივრცეში გარდაცვალებაზე ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ენგურის ხიდზე ჩატარებული სამედიცინო ღონისძიების შედეგად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა.

"პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე შეფასდა, ჩაუტარდა ელ. კარდიოგრაფია და მოხდა მისი სასიცოცხლო პარამეტრების განსაზღვრა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ ჰოსპიტალიზაცია საჭიროდ არ ჩაითვალა, ვინაიდან რაიმე სახის ჩივილი არ იკვეთებოდა", - აცხადებენ უწყებაში.

ამავე ცნობით, ქალი დადგენილი წესით, საკარანტინო სივრცეში, სასტუმრო ანაკლიაში მოთავსდა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებითვე, საკარანტინე სივრცე სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობას ითვალისწინებს, პაციენტის მოთავსებიდან რამდენიმე საათში ექიმმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა და ადგილზე მისულ ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა.

დე ფაქტო რესპუბლიკიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული ყველა მოქალაქე 5-დღიან კარანტინს ექვემდებარება.









Print