ახალი ამბები
ზუგდიდი-მესტიის გზაზე კლდე ჩამოიშალა (ვიდეო)
ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ დიზის ტერიტორიაზე (91-ე კილომეტრთან) კლდოვანი მასა ჩამოწვა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელმა, ლაშა პაკელიანმა გაავრცელა. როგორც მან რადიო "ათინათს" უთხრა, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით ან გამთენიისას მოხდა, რადგან ის ადგილზე დილის, დაახლოებით, 6 საათზე იყო მისული.

"მე ვიყავი 6-ზე მანდ და 7 საათის მერე უკან წავედი სახლში, მაშინ არ ყოფილა ტექნიკა. ორი დიდი ტრაქტორი შეიძლება მოერიოს, 2 დიდი ქვა დევს. ალბათ ერთი დღე დასჭირდება", - გვითხრა ადგილობრივმა.

მესტიის მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება და გზის გაწმენდითი სამუშაოები მალე დაიწყება. კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, ჯერ უცნობია რა დრო დასჭირდება საავტომობილო მიმოსვლის აღდგენას.

"ჩამოშლილია კლდე-ზვავი. მიმდინარეობს მობილიზება ტექნიკის და გაწმენდითი სამუშაოებისთვის შეიძლება დაგვჭირდეს ბურღვა-აფეთქებაც, რადგან დიდი ლოდებია ჩამოსული. სავარაუდოდ, საჭირო გახდება სპეცტექნიკის მობილიზება. ვერ გეტყვით რა დრო დასჭირდება", - თქვა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

ამ დროისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მესტიამდე ჩასვლა შეუძლებელია.


ვიდეო:ლაშა პაკელიანი


Print