ახალი ამბები
მძიმეა ქალის მდგომარეობა, რომელსაც ზუგდიდში მატარებელი დაეჯახა
მედიკოსები კრიტიკულად მძიმედ აფასებენ 80 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელსაც რამდენიმე საათის წინ მატარებელი დაეჯახა და ქვედა კიდური დაუზიანა. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მას ოპერაციას ჩაუტარებენ.

„შემოიყვანეს მარცხენა ქვედა კიდურის ტრავმული ამპუტაციით, წვივის ზედა მესამედის დონეზე, ჰიპოვოლემიური შოკით. გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება და სასიცოცხლო ჩვენებით გადადის საოპერაციო ბლოკში. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“, - განმარტავს ორჟონია.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდის რკინიგზის სადგურთან ქალს მატარებელი მაშინ დაეჯახა, როდესაც ის ლიანდაგს კვეთდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
Print