ახალი ამბები
მესტიაში ტურისტი ხევში გადაიჩეხა და დაიღუპა - საგანგებო
მესტიაში,  გულის უღელტეხილზე ტურისტი ქალი, სავარაუდოდ, ხევში გადაიჩეხა და დაიღუპა, ხოლო მეორე ტურისტი მაშველებმა უვნებელი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის  ვერტფრენი და მაშველები იყვნენ ჩართულნი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ მესტიაში, გულის უღელტეხილზე იმყოფებოდა ტურისტი, რომელიც ითხოვდა მაშველების დახმარებას. ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოში აშშ-დან შემოვიდა, სპეციალური ზარი კომპანიიდან, სადაც დაფიქსირდა მესტიაში მყოფი ტურისტების SOS სიგნალი და კოორდინატები. შეტყობინების ინიციატორის გადმოცემით, მისი თანმხლები ქალი ხევში სიმაღლიდან გადავარდა და სავარაუდოდ, იყო გარდაცვლილი.

შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. მოქალაქეების დასახმარებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით და სპეციალური აღჭურვილობით გავიდნენ სამაშველო ჯგუფები. მეხანძრე-მაშველებმა უღელტეხილზე მყოფი მამაკაცი ა.ვ. უვნებლად იპოვეს და ვერტმფრენში აიყვანეს. ხოლო, ხევში გადავარდნილი ქალის, ზ.გ-ს საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაუყონებლივ დაიწყეს. სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა ქალის ცხედარი, რომელიც სამაშველო ჯგუფების მიერ, ხევიდან უკვე ამოსვენებულია", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საძიებო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობას იღებდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მესტიის სამმართველოს მაშველები.
Print