ახალი ამბები
ლაშა გვასალია: გუბერნიიდან გახარიასთან მეგობრობის მიზეზით გამათავისუფლეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია თანამდებობიდან მხარის გუბერნატორმა გადააყენა. ამის შესახებ ჟურნალისტებს გვასალიამ დღეს განუცხადა. მისი ინფორმაციით, მალხაზ თორიამ ადმინისტრაციის უკვე ყოფილ ხელმძღვანელს უთხრა, რომ ეს დავალება გვასალიას გიორგი გახარიასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის გამო მიიღო. ლაშა გვასალია გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

"მე წუთის წინ გახლდით სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი. დღეს დამიბარა გუბერნატორმა და სხვათაშორის, პირველად ვნახე ასეთი გაოგნებული, ასეთი გამშრალი და ფერდაკარგული მალხაზ თორია. მას აშკარად ეტყობოდა, რომ იყო ზეწოლა ვიღაცეებისგან. მიზეზი ხომ უნდა ეთქვა, მაგრამ არანაირი დარღვევა არ მქონია. ვიყავი ყოველთვის მოწინავე და გამორჩეული. ვიძახი, როგორც მოხელე. ვიყავი ყოველთვის გამარჯვებული, წარმატებული საარჩევნო შტაბის უფროსი. სხვათაშორის მე ბიძინა ივანიშვილმა გამომიშვა 2012 წელს სამეგრელოში, ქართული ოცნების გასაძლიერებლად და გარკვეული საქმეების გასაკეთებლად. ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც მე ცუდად არასოდეს შევეხები, ვიქნები მადლიერი და ყოველთვის გადავუხდი მადლობას, არის ბიძინა ივანიშვილი. დანარჩენს მე მივხედავ აუცილებლად... იმიტომ, რომ მომექცნენ აბსოლუტურად გაუგებრად, გაოგნებული ვარ, ასეთი რაღაცეები არ უნდა ხდებოდეს. მითხრეს, რომ მე იმიტომ მიშვებენ სამსახურიდან, რომ ვარ გახარიას მეგობარი და მაქვს მასთან ურთიერთობა. თუ მეგობრობაზეა საუბარი, გასაგებია, სხვა რა ურთიერთობა მქონდა, ბატონ გიორგის ჯერ პარტია არა აქვს, პოლიტიკურად არ აქტიურობს, მაგრამ ეს ჩაფიქრებული ჰქონდათ. ჩემი მოშორება უნდოდათ. მე არ ვარ ხელწამოსაკრავი კადრი ქართული ოცნებისთვის, თუ მათ ჭკუა აქვთ ზემოთ. ვერც დიტო და ვერც ვერავინ განსაზღვრავს იმას, თუ რა გამიკეთებია ქართული ოცნებისთვის, არამარტო მე ,მთლიანდ მთელს ოჯახს. ბრძანებაში მუხლებია მითითებული, არაჯეროვნად შევასრულე სამსახური. თითიდან გამოწოვილი ბრალდებებია",-აღნიშნა გვასალიამ.

თავის მხრივ, გუბერნიის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ლაშა გვასალია სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნი შესრულებისთვის გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულების საფუძველზე. გვასალია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში წლების განმავლობაში მუშაობდა, იყო "ქართილი ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც. რაც შეეხება იმას, ვიხილავთ თუ არა მას ყოფილი პრემიერის გუნდში, ამბობს, რომ ამ საკითხზე, შესაძლოა, იფიქროს. 
Print