ახალი ამბები
წითელმა ჯვარმა აფხაზეთში სამარხების გახსნის ახალი ეტაპი დაიწყო
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა აფხაზეთში, 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების მიზნით, სამარხების გახსნის ახალი ეტაპი დაიწყო.

ორგანიზაციის ექსპერტები ადგილობრივად გადამზადებულ სპეციალისტებთან ერთად 30-ზე მეტი სავარაუდო სამარხის გახსნას გეგმავენ, რომელთა შესახებაც ინფორმაციის მოძიება საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მოხერხდა.

"1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გაუჩინარებულ პირთა მოძიების მიზნით შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმი წჯსკ-ს თავმჯდომარეობით ფუნქციონირებს და მხოლოდ ჰუმანიტარულ მიზანს ემსახურება - ოჯახებმა შეიტყონ დაკარგული ახლობლების ხვედრისა და ადგილსამყოფელის შესახებ.

2010 წელს ორი საკოორდინაციო მექანიზმის (რომელთაგან ერთი 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე - 90-იანი წლების და 2008 წლის ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს) შექმნის შემდეგ მათი ეგიდით 583 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 206 ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა.

მთლიანობაში, 2 355 სამხედრო და სამოქალაქო პირი ითვლება დაკარგულად 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით. გრძელდება მუშაობა კონფლიქტების შედეგად გაუჩინარებული სხვა ადამიანების ხვედრის დასადგენად",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Print