ახალი ამბები
სამეგრელოში მოცვის მოსავლის აღება დაგვიანდა
სამეგრელოში მოცვის მოსავლის კრეფის სეზონის დაწყება უამინდობის გამო დაგვიანდა. ფერმერების თქმით, ნაყოფის დამწიფებას დაბალმა ტემპერატურამ და წვიმამ შეუშალა ხელი. მოსავლის აღება, დაახლოებით, ორ კვირაში დაიწყება. პლანტატორები წელს კარგ მოსავალს და მაღალ ფასს ელოდებიან.

მეწარმე ჯენერ ბელქანია, რომელიც სოფელ ინგირში 10 ჰა-მდე მოცვის პლანტაციას ფლობს, ამბობს რომ ისინი მთლიანად ექსპორტზე არიან ორიენტირებულნი და მათ მოსავალი ადგილობრივ ბაზარზე არ გააქვთ. მისივე თქმით, კორონაპანდემიას მათთვის ხელი არ შეუშლია და დამკვეთს პროდუქციას შეუფერხებლად აწვდიან.

„ვფიქრობ, ხარისხის და რაოდენობის თვალსაზრისით კარგი მოსავალი იქნება. ჩვენ უკვე მესამე წელია მთლიანად ექსპორტზე გაგვაქვს. მოსავლის აღება მხოლოდამხოლოდ უამინდობის გამო დავაგვაგვიანეთ, უკვე ვემზადებით სამუშაოებისთვის“, - აღნიშნა ჯენერ ბელქანიამ.

აგრონომი და ფერმერი ბაჩანა პაჭკორია ამბობს, რომ კენკრამ დამწიფება უკვე დაიწყო და მოსავლის მასობრივი აღებას 10 დღეში დაიწყებენ. აგრონომის თქმით, შარშან ამ დროს კრეფა დაწყებული იყო.

„ფასსზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა ჩემი ვარაუდით 1კგ მოცვის ფასი 5-6 ამერიკული დოლარი იქნება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ქართულ მოცვზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება“, - ამბობს ბაჩანა პაჭკორია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან 2020 წელს 674 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
Print