რეგიონი
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ბზის დაკალმების მასტერკლასი დაიწყო
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღსა და კომპანია "Green for Georgia" -ს ურთიერთთანამშრომლობის შედეგად ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ისტორიული მნიშვნელობის კოლხური ბზის ხეივნის აღდგენის კამპანია მიმდინარეობს.

"ბოტანიკური ბაღის" ადმინისტრაციის ცნობით, კოლხური ბზის ხეივნის აღდგენის სამუშაოები ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გასული წლის ზაფხულში დაიწყო და დღეს უკვე "Green for Georgia" დახმარებით ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა ჩაერთოს ამ პროექტში.

ბზის დაკალმების სამუშაოები და მასტერკლასი 16 სექტემბერს დასრულდება.

"მოქალაქეების მიერ დაკალმებული ბზები ბაღში დაირგვება. რამდენსაც დააკალმებენ, იმდენს სახლშიც წაიღებენ, რა თქმა უნდა თუ ამის სურვილი აქვთ. კამპანიაში მონაწილეობის მიღების ღირებულება 10 ლარია", - აღნიშნა ბაღის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზვიად ქარჩავამ.

დასავლეთ საქართველოში ბზის ალურა და სოკოვანი დაავადებები რამდენიმე წლის წინ გავრცელდა. სპეციალისტების ინფორმაციით, კოლხური ბზის კორომების დიდი ნაწილი უკვე განადგურებულია. მცენარე თითქმის  მთლიანად გახმა ბოტანიკურ ბაღშიც.






Print