ახალი ამბები
აფხაზეთის სკოლებში სასწავლო წელი 1 სექტემბერს განახლდება
აფხაზეთში სასწავლო წელი 1 სექტემბერს დაიწყება. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების მინისტრმა ინალ გაბლიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, წერს ადგილობრივი მედია. მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად, სკოლებში სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით განახლდება.

გაბლიამ აღნიშნა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება "ხელისუფლებამ ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ მიიღო". მან განმარტა, რომ სასწავლო დაწესებულებებში წელსაც იგივე შეზღუდვები იქნება, რაც შარშან იყო, გარდა კლასების დაყოფისა.

მინისტრმა მშობლებს მიმართა თხოვნით, ხელი შეუწყონ სკოლების განტვირთვას და შვილები, საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ არსებულ სკოლებში გადაიყვანონ. ასევე, გაბლიამ ყველას ვაქცინაციისკენ მოუწოდა. 

24 აგვისტოს მონაცემებით, აფხაზეთში ინფიცირების 123 და გარდაცვალების 1 შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ კვირაში, სოხუმში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მობილური ჰოსპიტალიც ამოქმედდა, სადაც ამ ეტპაზე, 51 კოვიდ ინფიცირებული პაციენტია მოთავსებული. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით, კორონავირუსის 24570 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 366, გამოჯანმრთელდა 20 307 მოქალაქე.

იმუნიზაციის პროცესი აფხაზეთში 10 აგვისტოდან დაიწყო. ამჯერად, სოხუმმა რუსული კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინის "სპუტნიკ ლაითის" 5 ათასი დოზა შეიძინა, რაც მოსკოვის აფხაზური დიასპორის ფინანსური დახმარებით მოხერხდა. მანამდე მოსკოვიდან მაისში მიღებული რუსული ანტიკოვიდური პრეპარატ "სპუტნიკ V-ის" 6.5 ათასი დოზა (მათგან, 2500 - საჩუქრად), რომლის "შესაძენად ბიუჯეტიდან 6 მილიონ 955 ათასი რუბლი გამოიყო", ივლისის თვეში ამოიწურა და მას შემდეგ აფხაზეთში ვაქცინაციის პროცესი შეწყვეტილი იყო.




Print