ახალი ამბები
განკვეთილი სასულიერო პირები ჭყონდიდის ეპარქიის დატოვებას არ აპირებენ
განკვეთილი სასულიერო პირები ჭყონდიდის ეპარქიის დატოვებას არ გეგმავენ და ამბობენ, რომ მეუფე სტეფანეს მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების უფლება არ აქვს. მათი თქმით, მიტროპოლიტი ე.წ ფარულ ჩანაწერებშია მოხსენიებული, სადაც ნათქვამია, რომ მას ახალგაზრდა ქალთან აქვს ინტიმური ურთიერთობა. ისინი საკუთარი უფლებების დაცვას სამართლებრივი გზით აპირებენ.

"მან ცოდვა ჩაიდინა, ადამიანი როცა სცოდავს, მას სულიწმინდა ეშორება. ჩემზე, რომ ამბობს განკვეთილია და ბერის სტატუსი არა აქვსო, ღვთის წინაშე მას არ აქვს არანაირი სტატუსი, აი ბერის სტატუსიც არა აქვს. ბატონ სტეფანეს მოვახსენებ, რომ თავისი ფეხით წავიდეს, სანამ სხვა ეტყვის წავიდეს და გასაქცევი ექნება. კანონმდებლობით დავხვდები, მე ჩემი იურისტები მყავს. ბერის განკვეთა არანაირად არ შეიძლება. მე არ მაქვს ისეთი დანაშაული, ამ შემთხვევაში კითხვები დავუსვი, ძალოვანმა სტრუქტურებმა მას ფაილები ამოუგდეს. რა შუაში ვარ მე, ვალდებული ვიყავი, როგორც ბერს დამესვა კითხვები. მას ბავშვთან აქვს ურთიერთობა, ბავშვების გამო მივედი სკოლაში, რომ შევახსენო - არანაირი ზნეობრივი უფლება არა აქვს ბავშვებთან ითანამშრომლოს. მე მოვუწოდებ მარტვილის მოსახლეობას და სამღვდელოებას, ცაგერის სამღვდელოებას და მოსახლეობას - იცოდნენ, რომ ბინძური ადამიანი დადის სტეფანეს სახით, ამ ორ ეპარქიაში", - უთხრა ჟურნალისტებს ბერმონაზონმა დანიელმა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ რამდენიმე სასულიერო პირი ეკლესიიდან განკვეთა. შესაბამისი ბრძანება მან დღეს საკვირაო წირვის შემდეგ გააჟღერა. როგორც მეუფემ განმარტა, დღეიდან ისინი სასულიერო პირებად არ იწოდებიან და ეკრძალებათ საეკლესიო სამოსის ტარება. გარდა ამისა, მათ დღის ბოლომდე უნდა დატოვონ ეპარქიის ეკლესია-მონასტრები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მეუფე სტეფანე საერო პირებს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მიმართავს.


ამავე თემაზე: 

მეუფე სტეფანემ მასთან კონფლიქტში მყოფი სასულიერო პირები ეკლესიიდან განკვეთა
Print