რეგიონი
ზუგდიდში ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებზე უბეჭდო ბიულეტენებს გასცემენ - „საქართველოსთვის“
„გახარია-საქართველოსთვის“ საარჩევნო შტაბში სამეგრელოს რეგიონში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. პარტიის წარმომადგენლის, გიგა ფარულავას მტკიცებით, ზუგდიდის რამდენიმე საარჩევნო უბანზე რეგისტრატორები ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებზე გაცემულ ბიულეტენებზე არ არტყამენ ბეჭედს და არ აფიქსირებენ ხელმოწერას. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება. მისივე ინფორმაციით, ზუგდიდში, აბაშასა და სენაკში ავტომობილებში, ამომრჩევლების მოსყიდვის მიზნით, ფულს არიგებენ. 

„ასევე, მთელი რეგიონის მაშტაბით უბნების უმეტეს ნაწილზე ფიქსირდება ბირჟები, სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ამ ბირჟების მიმართ, რომლებიც არღვევენ კანონით დადგენილ დისტანციას, არ ხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ფოთში ორი უბანი გაიხსნა დაგვიანებით და აქაც, ასევე აქტიურად ხდება ბირჟების მობილიზება. ხობში უბანზე ადგილი ჰქონდა ბიულეტენების განზრახ დაზიანებას და ასე გადაცემა ამომრჩევლისთვის. წალენჯიხაში კი ფიქსირდება ამომრჩევლის უბანზე დაშვება მისი იდენტიფიცირების, ასევე პირბადის მოხსნის და სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნების შემოწმების გარეშე“, - ამბობს ფარულავა.

ოპოზიციური პარტია, მოქალაქეებს მოუწოდებენ ყურადღებით დააკვირდნენ ბიულეტენებს, რათა დარწმუნდნენ, რომ ის ბეჭედდარტყმული და ხელმოწერილია რეგისტრატორის მიერ.
Print