ახალი ამბები
ზუგდიდში, სამხარეო პოლიციასთან ენმ-ის კიდევ ერთი მხარდამჭერი დააკავეს
წუხელ, გვიან ღამით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ზვიად ბერაია დააკავეს. მანამდე, პარლამენტის წევრმა ანა წითლიძემ უწყებასთან 2 მაისური მიიტანა, რომელზეც მისი განმარტებით კრიმინალური ავტორიტეტის ხვიჩა ცხაკაიას და "ტყის ძმების" ყოფილი მეთაურის, დავით შენგელიას სურათები იყო დატანილი. წითლიძემ თქვა, რომ მაისურები სამხარეო პოლიციის უფროსს გიგა ზესაშვილსა და მის მოადგილეს ბუხუტ ნიკორაძეს უნდა გადასცეს, რასაც მასსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. 

"ხედავთ რომ არაადეკვატურია პოლიციის უფროსი ზესაშვილი და მისი მოადგილე, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა. მოვუტანე საჩუქრად ორი მაისური, კრიმინალების გამოსახულებით. სწორედ ამ ადამიანების დავალებით დააკავეს ყოფილი პოლიციელები, ჩვენი თანამებრძოლები საარჩევნოდ, ჩაუდეს იარაღი. სწორედ ამის სიმბოლოდ მოვუტანე ეს მაისურები, ნახეთ რა გაღიზიანება გამოიწვია და როგორ იქცეოდა სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, რომელიც რეალურად არის "ქართული ოცნების" აქტივისტი და კრიმინალების დავალების შემსრულებელი", - უთხრა წითლიძემ ჟურნალისტებს.  

ენმ-ის წევრები და აქტივისტები საპროტესტო აქციებს უკვე რამდენიმე დღეა მართავენ. 


ამავე თემაზე: 

ზუგდიდში სუს-თან მიმდინარე აქციაზე ენმ-ის აქტივისტი დააკავეს

სამხარეო ადმინისტრაციასთან ღომის ქერქის მიტანას ხმაური მოყვა

ზუგდიდში აქციის მონაწილეების ნაწილი გუბერნიასთან დარჩენას გეგმავს

"თავისუფლება მიშას" - ზუგდიდში აქცია მიმდინარეობს


Print