ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს სხდომას მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებიან
ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო. მას მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები და მერიის თანამშრომლები ესწრებიან. ოპოზიცია სხდომათა დარბაზიდან მას შემდეგ გააძევეს, რაც მათ გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ მომდევნო წლის ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, საკრებულოს ძველი შემადგენლობა იღებს. მათი თქმით, ეს არის უკანონო და არასამართლიანი პროცესი და ბიუჯეტი ახალი მოწვევის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

ზუგდიდის ახლად არჩეულმა მერმა მამუკა წოწერიამ "ნაციონალური მოძრაობის" და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს დესტრუქციული ძალა უწოდა და თქვა, რომ ისინი სხდომის ჩაშლას ცდილობდნენ, რაც არის უკანონო.

ამ წუთებში, სხდომის დარბაზის გარეთ ხმაურია და კარებზე ბრახუნი ისმის, ოპოზიციის წარმომადგენლები დარბაზში შესვლას ცდილობენ, თუმცა მათ ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს.

ბიუჯეტის განხილვა უკვე დაიწყო, მას საკრებულოს წევრებს კიდევ ერთხელ წარუდგენს მამუკა წოწერია, რის შემდეგაც მას კენჭს უყრიან და დაამტკიცებენ.

საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობს.
Print