ახალი ამბები
ზუგდიდელი ექიმი შიმშილობას იწყებს და სალომე ზურაბიშვილს მიმართავს
მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით ზუგდიდელი ექიმი მალხაზ ჯალაღონია შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერში თქვა. ამასთან, ის ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს მიმართავს და მოუწოდებს ქვეყანა კიდევ ერთ ქაოსს გადაარჩინოს.

"მე მაქვს თხოვნა საქართველოს პრეზიდენტთან, ქალბატონო სალომე, გულწრფელად გეტყვით, რომ მე თქვენ არ ამირჩევიხართ, მაგრამ თქვენ ხართ საქართველოს პრეზიდენტი. თქვენ ხართ ჩემი პრეზიდენტი და მე გთხოვთ შეიწყალოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ვიცი, თქვენ ორჯერ ბრძანეთ - "არა, და არასდროს". ძალიან კარგად ვიცი, როგორც ვაჟკაცისგან, ასევე ქალბატონისგანაც ძალიან ძნელია სიტყვის გადათქმა, მაგრამ მერწმუნეთ, რომ თუ თქვენ შეიწყალებთ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს არცერთი პატრიოტი არ დაიწყებს ქილიკს თქვენ სისუსტეზე და მე არ მაინტერესებს, რას იტყვიან ქვეყნის ორგულები და მტრები, იმედი მაქვს, რომ არც თქვენ დაგაინტერესებთ, რას იტყვიან ისინი. ქალბატონო სალომე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯოხის ერთი აქნევით თქვენ შეგიძლიათ ეს ქვეყანა გადაარჩინოთ კიდევ ერთ ქაოსს. ვიცი, რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში ნეგატიური დამოკიდებულება არის შიმშილობისადმი, მაგრამ მე სხვანაირი ფორმა ვერ მოვიფიქრე და გულწრფელად გეტყვით, რომ მინდა ჩემი შიმშილობით მივიქციო თქვენი ყურადღება და რაღაცნაირად, მცირე წონა მაინც შევძინო ჩემს თხოვნას", - ამბობს ის.

ინფორმაციისთვის, მალხაზ ჯალაღონია რამდენიმე კვირის წინ ახლად არჩეული საკრებულოს წევრებთან ერთად შიმშილობდა და სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა.
Print