ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოს სხდომები კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. ზუგდიდის შემთხვევაში, სხდომას არ ესწრებოდნენ
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ხოლო სენაკში მმართველი პარტიის წევრები არ გამოცხადდნენ.
"აუცილებლად უნდა უნდა ითქვას, რომ ეს არის ორივე პარტიის უპასუხისმგებლობა. არც ერთ პარტიას საერთოდ არ აინტერესებს კრიზისიდან გამოსავალი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავძლიოთ ის პროცესი, რაც ჩვენს მუნიციპალიტეტებში არის. იმედი მაქვს, რომ ორივე პარტია მოეგება გონს, დავსხდებით მაგიდასთან და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც ქალაქის ინტერესებში არის", - აღნიშნა პარტია "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა და საკრებულოს ახლად არჩეულმა დეპუტატმა გიგა ფარულავამ.
ზუგდიდში "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ მომდევნო სხდომისთვის პარტიები შეთანხმებას შეძლებენ და შესაბამისად, კრიზისიც აღმოიფხვრება.
"ზუგდიდში პირველად არ შედგა სხდომა, კვორუმის არარსებობის გამო, ესწრებოდა 21 დეპუტატი, მინიმუმ 23 უნდა ყოფილიყო. უქმეები მომდევნო კვირა და ამიტომ 12 შეიკრიბება საკრებულო მანამდე ისევ გაგრძელდება კონსულტაციები და იმედს ვიტოვებ, რომ ეს კრიზისი აღმოიფხვრება",- თქვა ირაკლი გოგოხიამ, რომელიც ზუგდიდის საკრებულოში "ქართული ოცნებას" წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდში საკრებულოს სხდომა 12 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა კვორუმი არ შედგა და ერთი საათით გადადეს. საბოლოოდ, დეპუტატების ის რაოდენობა, რომელიც სხდომის დასაწყებად აუცილებელი იყო ვერ შეგროვდა და სხდომა 12 იანვრამდე გადადეს.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდისა და სენაკის საკრებულოებმა თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირების არჩევა ამ დრომდე ვერ შეძლო. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მყარი უმრავლესობა არც ერთ პარტიას არა აქვს, რაც იმა ნიშნავს, რომ ერთპარტიულ გადაწყვეტილებებს ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ იღებს.
მასალის გამოყენების პირობები