ახალი ამბები
სენაკში საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს
სენაკის საკრებულოს სხდომაზე კვორუმი ვერ შედგა, რის გამოც წარმომადგენლობითი ორგანო კვლავ თავმჯდომარის გარეშე რჩება. ადგილზე არ იმყოფებოდნენ "ქართული ოცნების" დეპუტატები და "საქართველოსთვის" 1 წარმომადგენელი.

სხდომის დასრულების შემდეგ განცხადებები გააკეთეს "ნაციონალური მოძრაობისა" და "საქართველოსთვის" წევრებმა. ენმ-ის დეპუტატი, სევდია უგრეხელიძე ამბობს, ის არ არის წინააღმდეგი, რომ საკრებულოს გახარიას პარტიის წევრმა უხელმძღვანელოს, თუმცა, მისივე თქმით, "საქართველოსთვის" წარმომადგენლები ოპოზიციონერებად უნდა დარჩნენ.

"ქართული ოცნება" ჩადის პოლიტიკურ აფერისტობას. მას სურს, რომ ეს საკრებულო დაიშალოს და ახალი არჩევნებით იმედი აქვს, რომ უმრავლესობით მოვა. ვინაიდან ძალადობა 5 მუნიციპალიტეტში ბევრად უკეთესად გამოუვათ. ჩვენ ვასრულებთ პირობას, თავმჯდომარედ ვართ თანახმა არჩეული იყოს, გახარიას პარტიიდან წევრი. ოპოზიციის მხარეზე იყონ და დანარჩენ პოზიციებზე, როგორც ჩვენ დავუჭერთ მხარს, ასევე მათაც დაგვიჭირონ მხარი", - თქვა მან.

თავის მხრივ, ფრაქცია "სენაკი-საქართველოსთვის" თავმჯდომარის, ირაკლი კაჭარავას თქმით, თავმჯდომარის ასარჩევად საკრებულოში მინიმუმ 17 ხმაა საჭირო და მათი ერთი წევრი რომც ყოფილიყო დღეს წარმოდგენილი, საკითხი მაინც არ გადაიჭრებოდა.

ამასთან, დღევანდელ სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა კუჭავამ თქვა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელმა მისი მოსყიდვა სცადა.

"100 ათასი შემომთავაზეს". ქართულ ოცნებას აკლია ერთი ხმა, რომ ჰყავდეს უმრავლესობა სენაკის საკრებულოში. ყველაფერს აკეთებს, ყველა ბინძურ მეთოდს იყენებს იმ ერთი ხმის მოსაპოვებლად. ეს არის დაშინება, მოსყიდვა, შანტაჟი", - ამბობს კუჭავა.


სენაკის საკრებულოში 33 წევრია, ქართული ოცნებიდან 16 დეპუტატი, 13 ნაციონალური მოძრაობიდან, ხოლო 4-ს კი პარტია "საქართველოსთვის" მანდატი აქვს.


Print