ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ ვერ დაამტკიცა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ა(ა)იპ-ის გაყოფის საჭიროება - აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, ზუგდიდში 2019-2020 წლებში ფუნქციონირებდა ა(ა)იპ − მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლე, რომლის სუბსიდიის ხარჯმა 2020 წელს მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ა(ა)იპ 2021 წლის მარტიდან გაუქმდა და შეიქმნა 2 ახალი ა(ა)იპ: "მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე" და "სახელოვნებო სკოლების გაერთიანება". აუდიტმა დაადგინა, რომ გაუქმებული ა(ა)იპ-ის 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით, ახალი ა(ა)იპ-ების წლიური ბიუჯეტი ჯამში გაიზარდა 59.4 ათასი ლარით. აღნიშნული კი ადმინისტრაციული ხარჯების ზრდამ გამოიწვია.

"აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა ა(ა)იპ "სახელოვნებო სკოლების გაერთიანების" ადმინისტრაციის სამუშაო სივრცე. გამოვლინდა, რომ ადმინისტრაციის 23 მოსამსახურე სარგებლობს 2 სამუშაო ოთახით, რის გამოც ზოგიერთი პირი სამსახურში ვერ ცხადდება. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რას საქმიანობენ ადმინისტრაციაში დასაქმებულები, როდესაც სათანადო სამუშაო პირობები არ არის შექმნილი. აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო საკმარისი და შესაფერისი რწმუნება იმისა, რა აუცილებლობით იყო განპირობებული ა(ა)იპ-ის გაყოფა და სუბსიდიის ზრდა", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ანგარიშში.

აუდიტის სახელმწიფო სამსახურის რეკომენდაციაა, რომ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ შეისწავლოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობა და არსებული საკადრო პოლიტიკა. ამასთან, განსაზღვროს რამდენად პასუხობს მათი საქმიანობა მუნიციპალიტეტის მიზნებსა და ამოცანებს.

"აგრეთვე მნიშვნელოვანია, გაანალიზდეს ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა უფლება-მოვალეობები და მათზე დახარჯული სახსრები. საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს თანამშრომელთა ფუნქციური დატვირთვა ან საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია", - წერია დოკუმენტში.
Print