ახალი ამბები
ევროკავშირმა საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი დაუშვა
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ევროკომისიის 2021 წლის 22 დეკემბრის EU 2022/34 რეგულაციით, საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული რეგულაციის მიღებას წინ უძღოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარებული ღონისძიებები, რომლებიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში მომზადდა.

ინფორმაციისთვის, ლოკოკინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პირველი ფერმა ხობის სოფელ ახალ ხიბულაში შპს „ნადი გრუპმა“ გააშენა. სამეგრელოში ამ ბიზნესით დაინტერესებულთა რაოდენობა დღითიდღე მატულობს, რეგიონში უკვე გაშენებულია რამდენიმე მსგვსი ფერმა.

2020 წელს „ნადი გრუპმა“ იტალიაში 45 ტონაზე მეტი ლოკოკინა გაიტანა. შპს-ში ვარაუდობენ, რომ მომდევნო წლებში საექსპორტო პროდუქტის რაოდენობა შესაძლოა 200 ტონამდე გაიზარდოს.



Print