ახალი ამბები
"სისტემა ყრუა და ამუნჯებს ხალხს" - ზუგდიდის სამხარეო პოლიციასთან აქცია მიმდინარეობს
ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები. შეკრებილების თქმით, ისინი პოლიციის მხრიდან ძალადობის გახშირებულ ფაქტებს აპროტესტებენ.

"ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, ცდილობენ შეგვაჩვიონ იმას, რომ სისტემამ შეიძლება იძალადოს, ეს შესაძლოა იყოს პოლიციელი, რომელიც იძალადებს ყრუ ბავშვზე, ქალზე, მისცეს ცრუ ჩვენება. ჩვენ ვაპროტესტებთ ძალადობას, რომელიც ნორმად იქცა პოლიციელების მხრიდან", - თქვა პარლამენტის წევრმა ენმ-დან ანა წითლიძემ. 

აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ტრანსპარანტები წარწერებით "არა მილიციას!", "სისტემა ყრუა და ამუნჯებს ხალხს", "სისტემა ყარს!" და ა.შ.

ინფორმაციისთვის, გუშინ, მოძრაობა "დროას" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც პოლიციის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი ქალს ქუჩაში სცემს. პროკურატურამ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდელი პოლიციელი, რომელმაც ქალს სცემა, დააკავეს

ზუგდიდში პოლიციელის მიერ ქალის ცემის ფაქტს გენინსპექცია სწავლობს

ზუგდიდში პოლიციელმა ქალს ქუჩაში სცემა (ვიდეო)
Print