ახალი ამბები
ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგური გაიხსნა (ვიდეო)
ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრები და საქართველოში აშშ-ის ელჩი დაესწრნენ. კელი დეგნანის თქმით, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური არის ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც აკავშირებს საქართველოს ევროპასთან და არის ევროატლანტიკური მისწრაფებების სიმბოლო.

"ძალიან მიხარია, რომ შეერთებული შტატები საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციასთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამ პროექტის მშენებლობასა და განვითარებაში. ეს 50 მილიონიანი ინვესტიცია განვითარების დაფინანსების კორპორაციიდან არის უმსხვილესი პროექტი ერთი პროექტის დაფინანსების სახით. ეს ცხადყოფს, რამდენად დიდია ვალდებულება, რომელიც აშშ-მ იკისრა საქართველოს კეთილდღეობისა და ქართველი ხალხის წინაშე", - აღნიშნა კელი დეგნანმა.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ნავსადგურის მშენებლობა "პეის ჯგუფისა" და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი ნავსადგური საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტებს შორის აქამდე რეალიზებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მისი ღირებულება 120 მილიონ დოლარს აღწევს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ (DFC) ნავსადგურის მშენებლობის პროექტი 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა, რაც ამ ორგანიზაციის მიერ ერთ პროექტზე გამოყოფილი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში.

"პეის ჯგუფი" წარმოადგენს რეგიონში უმსხვილეს სატრანსპორტო კომპანიას, რომელიც აერთიანებს ნავმისადგომების ოპერატორ კომპანიებს, საბროკერო, საზღვაო სააგენტოს, ლოგისტიკურ და საკონტეინერო კომპანიებს. მისი ყოველწლიური, საშუალო ტვირთბრუნვა სამ მილიონ ტონას აღემატება. "პეის ჯგუფში" დასაქმებულია 1 000-ზე მეტი ადამიანი.
Print