ახალი ამბები
ბოტანიკურში შესვლაზე დაწესებული ფასი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ზუგდიდში
ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე დაწესებული გადასახადის გაუქმების მოთხოვნით მორიგი აქცია-კონცერტი გაიმართა. მისი ორგანიზატორები მოძრაობა "ხმა" და ადგილობრივი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი არიან. 

"ვიცავთ საჯარო სივრცეს, რომელიც მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და მისი ნაწილია. ის არ უნდა იყოს დაკავშირებული გარკვეულ ფინანსურ ბარიერებთან. მგონია, ასეთი ჩართულობით, ერთად დგომით, გარდაუვალ შედეგამდე მივალთ", - გვითხრა აქციის ორგანიზატორმა ილია ჭანტურიამ.

ილია ჭანტურია, აქციის ორგანიზატორი


შეკრებილებისთვის იმღერეს ადგილობრივმა შემსრულებლებმა. აქციაზე მოსულ ადამიანებს ცხელი სასმელითაც გაუმასპინძლდნენ.

ბუბა სორდია, მომღერალი

მოქალაქეებს სიტყვით მიმართა პოეტმა შუკო ჯიქიამ. 

"გამოვხატავ პროტესტს ჩემი აქ მოსვლით. 2 ლარი ჩემთვის პურია, სამი დღის სამყოფი, ვიღაცის ბავშვებისთვისაც, ეს დაუშვებელია", - თქვა პოეტმა. 

შუკო ჯიქია, პოეტი

სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი ჯიქია, რომელიც დღევანდელ აქციას შეუერთდა, ამბობს, რომ ბაღში შესვლა ყველა მსურველისთვის უფასო უნდა იყოს, თუმცა ამასთან მიიჩნევს, რომ საჭიროა ბოტანიკურის შიდა ატრაქციებით დატვირთვა, რაშიც მოსახლეობა სურვილისამებრ გადაიხდის თანხას. 

შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია "ჰანგის" ხელმძღვანელი რუსლან საჯაია კი გვეუბნება, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი თანხის უქონლობის გამო ვერ შეძლებს ბაღით სარგებლობას.

"არ მომწონს რომ ფასიანია, ხალხს უნდა ჰქონდეს საშუალება შევიდნენ ბაღში. ყველას არ აქვს გადასახდელი ფული. ჩვენ რომ ვიყოთ ის საზოგადოება, რომელსაც გააჩნია საშუალო ფენა, მაშინ კი ბატონო, გადაიხადოს ხალხმა და მოხმარდეს გაუმჯობესებას, მაგრამ ამ ეტაპზე ასე არ არის, ამიტომაც მოვედი", - თქვა მან.

კაკო ჩიქობავა, მოძრაობა "ხმა"

მოძრაობა "ხმის" წარმომადგენელი კაკო ჩიქობავა მორიგ აქციებს აანონსებს და ამბობს, რომ პროტესტი მანამ გაგრძელდება, სანამ მოქალაქეების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

"ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენი საზოგადოების რაღაც ნაწილს მიუსაჯა, პირდაპირ რომ ვთქვათ, განდევნა ამ საჯარო სივრციდან. ვიცით, რომ მოსახლეობის უმეტესობას შემოსავალი აქვს ძალიან მცირე. შესაბამისად, ეს 2 ლარი არის ზედმეტი ხარჯი ჩვენი მოსახლეობისთვის. რა გამოდის, დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს, ან იმათ, ვინც დროებით არ მუშაობს, ვდევნით ამ სივრციდან, რომელიც გვეკუთვნის ყველას", - მიიჩნევს ჩიქობავა.

ნიკა ლაშხია, პოეტი

მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში გადაინაცვლეს, სადაც საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს, თუმცა მათივე ინფორმაციით, ადგილზე მხოლოდ მორიგე თანამშრომლები იმყოფებოდნენ.


ამავე თემაზე: 

"გააღე ბოტანიკურის ჭიშკარი", "ბოტანიკური უნდა იყოს უფასო", - სტენსილები ზუგდიდის ქუჩებში

„ხელოვნება ბოტანიკური ბაღისთვის" - პროტესტი ზუგდიდში

"ბოტანიკური გვეკუთვნის ხალხს" - აქცია ზუგდიდში (ვიდეო)

ზუგდიდის ბოტანიკურის სატარიფო მიდგომა ქვეყანაში ყველაზე იაფია - მერია

რატომ დაწესდა ზუგდიდის ბოტანიკურში შესვლაზე ფასი და რას ითხოვენ მოქალაქეები

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი 1-ლი თებერვლიდან გახდება


Print