ახალი ამბები
"მორალური უფლება არ გაქვთ საზოგადოებას ელაპარაკოთ" - ზუგდიდის საკრებულოს წევრებს კობა ლეთოდიანის შვილი დაუპირისპირდა
ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეულ თავმჯდომარეს, გიგა ფარულავას, რომელიც  პარტია "საქართველოსთვის" წევრია,  "დროას" წარმომადგენელი და 20 ივნისის მოვლენებისას დაშავებული კობა ლეთოდიანის შვილი დაუპირისპირდა. ნათია ლეთოდიანმა გიგა ფარულავას და საკრებულოს სხვა წევრებს მიმართა და უთხრა, რომ მათ მორალური უფლება არა აქვთ საზოგადოებას ელაპარაკონ, რადგან სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხი დღემდე არ არის გაცემული.

"ზუგდიდის საკრებულოში მოხდა კიდევ ერთი გასაოცარი ფაქტი. საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს გახარიას პარტიის წევრი, პარტიის, რომელსაც ბოლო წლებში უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი. ძალიან სიმბოლურია, რომ ეს მოხდა ზუსტად ზუგდიდში, ქალაქში სადაც მოხდა მთავარი დანაშაული. ეს არის ია კერზაიას ქალაქი. არაფერი არ გაითვალისწინეს საერთოდ და მე ვწუხვარ, რომ ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების მიღებით, ის ავტომატურად პასუხისმგებელი გახდა იმ დანაშაულის, რაც გახარიას ჩადენილი აქვს ჩვენი მოსახლეობის წინაშე. ძალიან სამარცხვინოა ეს ფაქტი. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამით მონაწილეობა მიიღო იმ დანაშაულში რაც გახარიამ ჩაიდინა", - ამბობს  ნათია ლეთოდიანმა.

ბრალდებების საპასუხოდ გიგა ფარულავამ თქვა, რომ მათი პარტიის მიმართ არსებულ კითხვებს პასუხი საჯაროდ და ღიად არაერთხელ გასცეს.

"საკმაოდ მწვავე საკრებულოს სხდომა გვქონდა ზუგდიდში. ბუნებრივია, იყო ბევრი კითხვა, კრიტიკა.  ჩვენ კითხვებისთვის არაერთხელ, საჯაროდ და ღიად სხვადასხვა პლატფორმიდან გაგვიცია პასუხი. არასოდეს არ მოვრიდებივართ კითხვებზე პასუხის გაცემას", - თქვა გიგა ფარულავამ.

ინფორმაციისთვის, კობა ლეთოდიანმა ერთ თვალში მხედველობა აფხაზეთის ომის დროს დაკარგა, მეორე თვალი კი 20-21 ივნისის მოვლენებისას დაუზიანდა, რის შედეგადაც ის უსინათლო გახდა.


Print