ახალი ამბები
ასლან ბჟანია - აფხაზეთი მზადაა დონბასს ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ "აფხაზეთი მხარს უჭერს დონბასის მცხოვრებლებს და საჭიროების შემთხვევაში, მზად არის, რომ სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს მათ". ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბჟანიას თქმით, სოხუმი მუდმივ კავშირშია ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერებთან, "რომლებიც იძულებული გახდნენ, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, რუსეთში გადასვლის მოწოდებით მიემართათ მოქალაქეებისთვის".

აფხაზი ლიდერი აცხადებს, რომ "ოფიციალური კიევი, მოლაპარაკებების ფერგლებში, კონფლიქტის დარეგულირებაზე ძალიან მკაფიო უარს აცხადებს. მისივე თქმით, დონბასში დაძაბულობის ესკალაციას იწვევს "დასავლელი კურატორების მიერ წახალისებული უკრაინა, რომელიც მიზანმიმართულად მიემართება პროვოკაციის შექმნისკენ, რაც შეიძლება მთელი რეგიონის უსაფრთხოებას დაემუქროს" .

მანამდე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ მზადაა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების კოლეგებს გაუწიოს ყველა შესაძლო დახმარება. "სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ "აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ოპერატიული ქვედანაყოფები მზად არიან დონბასში ჩავიდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად".

რამდენიმე დღის წინ, უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ლიდერებმა გამოაცხადეს ევაკუაცია და დაიწყეს ხალხის მასობრივი გადაყვანა რუსეთის ტერიტორიაზე. თვითგამოცხადებული რესპუბლიკები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ კიევი აპირებს მშვიდობიან მოსახლეობაზე ფართომასშტაბიან თავდასხმას.

დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ ვითარების ესკალაცია შესაძლოა რუსეთმა გამოიყენოს საბაბად, უკრაინაზე ფართომასშტაბიანი შეტევის წამოსაწყებად.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოლო დღეებში არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს აჰყვეს პროვოკაციებს და კიევმა საპასუხო ცეცხლი არც მაშინ გახსნა, როდესაც დონბასში უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. მანამდე სეპარატისტების პოზიციებიდან ჭურვები მოხვდა საბავშვო ბაღის შენობასაც, კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

უკრაინა იტყობინება ორი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ.

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა დასავლური ქვეყნების ლიდერების ინფორმაციით, უკრაინის საზღვრებთან უკვე მობილიზებულია რუსეთის არმიის 150 ათასი სამხედრო. ისინი აცხადებენ, რომ რუსეთი ტექნიკურად უკვე მზად არის ნებისმიერ დროს დაიწყოს ომი.


Print