ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეებმა დეკლარაციები ხარვეზებით შეავსეს - TI
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მათი მოადგილეების ნაწილმა 2021 წლის დეკლარაციები ხარვეზებით შეავსო. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეები დავით კუხალეიშვილი და ლუდუკ ხასაიაც მოხვდნენ.

კერძოდ, საერთაშორისო გამჭვირვალობამ დაადგინა, რომ დავით კუხალეიშვილს დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ ფლობს 683 კვ.მ არასასოფლო მიწის ნაკვეთს და სახლს ქალაქ ზუგდიდში. მას ასევე არ აქვს დეკლარირებული მეუღლის, მაია მალაშხიას საკუთრებაში არსებული სარდაფი და ორი სხვადასხვა ბინა ქალაქ თბილისში, ასევე თბილისში, ლისზე მდებარე 400 კვ.მ. სასოფლო დანიშნულების მიწა.

რაც შეეხება ​ლუდუკ ხასიას, მას ჩაბარებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ მისი შვილი, ლევან ხასია ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 2800 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნარაზენში.

"თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები შესაბამისი რეაგირების მიზნით", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
Print