ახალი ამბები
წალენჯიხაში სოლიდარობის მორიგი აქცია გაიმართა
წალენჯიხის მერიის ორგანიზებით უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერის ნიშნად მორიგი აქცია გაიმართა. მერის, გია ხარჩილავას თქმით, დღეს საზოგადოებას გააცნეს ინფორმაცია უკრაინის ერთ-ერთ ქალაქთან, იავოროვთან დამეგობრების შესახებ. ასევე, ხარჩილავამ აღნიშნა, რომ შეიქმნა ფონდი, რომელის საშუალებითაც დამეგობრებულ ქალაქს დაეხმარებიან.

"აქციას რამდენიმე მიმართულება აქვს - ერთი არის წალენჯიხის ხმა, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ამასთან, გამოცხადდა ომის პირობებში წალენჯიხის დამეგობრება უკრაინის ქალაქ იავოროვთან. ამავე აქციის ფარგლებში დავიწყეთ ჰუმანიტარული მისია, რითაც წალენჯიხის მოსახლეობა დაეხმარება დამეგობრებულ ქალაქს. გამოვაცხადეთ ფონდის დაფუძნება, რითაც მოქალაქეები, მეგობართა კლუბის წევრები, რიგითი ადამიანები და ზოგადად, თავისუფალი საზოგადოება, გამოხატავს საკუთარ მხარდაჭერას. მთავარია ის, რომ ადამიანებს გაცნობიერებული აქვთ, რა პერიოდსა და ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, ვის წინააღმდეგ გვიწევს ბრძოლა. თითოეულ ამ ადამიანს რომ ჰკითხოთ, ისინი მკაფიო სამოქალაქო პოზიციით გამოდიან დღეს მიტინგზე. ამ პოზიციის ძირითადი ნაწილი არის შეუგუებლობა - იმპერიალიზმთან და თავისუფლების დაკარგვასთან", - თქვა გია გულორდავამ.

წალენჯიხის მერმა უკრაინელი ბავშვების შეფარების მზაობა რამდენიმე დღის წინ გამოთქვა. ამასთან, მუნიციპალიტეტმა უკვე მიიღო საქართველოში ჩარჩენილი უკრაინული ოჯახი.
Print