ახალი ამბები
ემუქრება თუ არა ზუგდიდის მაღაზიებს შაქრის დეფიციტი - საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პასუხი
უკვე რამდენიმე დღეა ზუგდიდის ქსელურ მარკეტებსა და მცირე მაღაზიებში გაიზარდა მოთხოვნა როგორც დაფასოებულ, ისე ასაწონ შაქარზე. მოსახლეობის ნაწილი შიშობს, რომ აღნიშნულ პროდუქტზე შესაძლოა დეფიციტი გაჩნდეს და გარკვეული მარაგის დაგროვებას ცდილობს. 

მაღაზიების ნაწილი, რომელსაც ამ ეტაპზე გასაყიდი შაქრის გარკვეული რაოდენობა გააჩნია, მას ლიმიტირებულად ყიდის და დასაშვები ოდენობა 1 მომხმარებელზე 2-3 კილოს არ აღემატება. როგორც რადიო "ათინათს" სავაჭრო ობიექტებზე უთხრეს, მარაგი თითქმის ამოწურულია სათაო საწყობებშიც. 

"გუშინ გავხსენით ბოლო ტომარა და 5 წუთში გაიყიდა, იყო რიგები. ეს პროდუქტები მეტწილად რუსეთიდან და უკრაინიდან შემოდიოდა. მომწოდებლები გვეუბნებიან რომ ეძებენ ალტერნატივას სხვა ქვეყნებიდან", - გვითხრა ერთ-ერთი ქსელური მარკეტის მენეჯერმა. 

ჩვენი ინფორმაციით, მსგავსი პრობლემის წინაშე არიან რეგიონის მასშტაბით არსებული სხვა სავაჭრო ობიექტებიც.

უნდა ველოდოთ თუ არა ამ და სხვა პროდუქტების დეფიციტს და რამ გამოიწვია შაქრის მოწოდების შეფერხება, - ამ კითხვით საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას მივმართეთ, სადაც ამბობენ, რომ ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს და მარაგი უახლოეს დღეებში შეივსება.

"იყო გარკვეული შეფერხება, ვთქვათ, ბორანი იყო გაჩერებული. ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია ისიც, რომ გარკვეული პანიკური შესყიდვები განახორციელა მოსახლეობამ და მათ შორის ჰუმანიტარული დახმარების მიზნით. მოგეხსენებათ ვუგზავნით ჩვენს მოძმეებს, უკრაინას, ამ დროს განსაკუთრებით ხდება პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენა. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის ჯაჭვი, ამიტომ არსებობს მცირე დისკომფორტი, მაგრამ უახლოეს დღეებში ყველა პრობლემა აღმოიფხვრება. ზოგადად, ომიდან გამომდინარე მსოფლიოში ლოგისტიკა გართულდა, გარკვეული რეისების დაგეგმვა უწევთ შემოვლითი გზებით. ლარსზეც მოგეხსენებათ, დაახლოებით, ერთი კვირაა თოვლია და 25-მდე მანქანა გაჩერებულია, რომელსაც პირველადი მოხმარების პროდუქტი მოაქვს. შაქრის დეფიციტი არ არის, მიწოდება გაგრძელდება. მოსახლეობას მოვუწოდებ სწორად, გაგებით მოეკიდოს ამ ყველაფერს და არ გააკეთოს პანიკური შესყიდვები, რაც საბოლოო ჯამში საზიანო იქნება მათთვის, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს", - გვეუბნება დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია.

მისივე განმარტებით, პროდუქციაზე ფასის მატებაზე ვალუტის არასტაბილურ კურსთან ერთად, სხვა ფაქტორებიც მოქმედებს. 

"გამომდინარე იქიდან, რომ კურსი არის არასტაბილური, იქნება ცვლილება, მაგრამ ამის გამო 1 ტომარა შაქარი ვიყიდოთ, ან 1 წლის მარაგი დავიდოთ, ვფიქრობ, იქნება არასწორი. ვნახეთ ზეთის მაგალითზე, თითქმის 10 ლარი ღირდა, კოლოსალურად გაძვირდა, შემდეგ კი გაიაფდა. ფასი ყოველთვის ცვალებადია, როცა დეფიციტში მიდის, რიგ შემთხვევაში ხდება პროდუქციის გაძვირება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას - არ შევქმნათ ხელოვნური დეფიციტი. პროდუქტი საქართველოში იქნება, ხვალ რომ შაქარი არ იყოს, ან ნებისმიერი სხვა პროდუქტი, დამერწმუნეთ, არ გვემუქრება", - აღნიშნა ჭყონიამ. 

ამ ეტაპზე ზუგდიდის მაღაზიებში შაქრის ფასი 2.60-დან 3.55 ლარამდე მერყეობს.
Print