ახალი ამბები
თქვენ არ ხართ "ოცნების" მედია მენეჯერები - დეპუტატი ზუგდიდის საკრებულოს პრესსამსახურს
ზუგდიდის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან წარმომადგენლობითი ორგანოს პრესსამსახურის თანამშრომლებს მიმართავს და მათ ოპოზიციური პარტიის დეპუტატების საქმიანობით მეტი დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მაია კალანდიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა. 

"შენიშვნა მინდა მივცე საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას - როგორც ვიცი და გავეცანი ბიუჯეტს, არის 6 თანამშრომელი. ერთ-ერთი საქმიანობა, რასაც აკეთებს საკრებულოს პრესსამსახური, არის ფეისბუქ გვერდის მართვა. მინდა მოგმართოთ მეგობრებო - თქვენ არ ხართ "ოცნების" მედია მენეჯერები, თქვენ ხართ საკრებულოს მედია სამსახური და თუ გადავხედავთ ფეისბუქ გვერდს, გაშუქებულია მხოლოდ საკრებულოს სხდომები და ის, თუ რას აკეთებს "ქართული ოცნება". 22 ადამიანი ვართ ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, მობრძანდით ჩვენთან, გაეცანით, რას ვაკეთებთ, შემოდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე და გაეცანით ჩვენს საქმიანობებს. ვალდებულები ხართ გააშუქოთ ჩვენი შეხვედრები ამომრჩევლებთან, ზუგდიდელებთან", - თქვა კალანდიამ. 

ენმ-ის წევრები საკრებულოს აპარატის და მერიის ააიპ-ების რეორგანიზაცია​ს, კერძო აუდიტის მოწვევასა და სახელფასო ფონდის შემცირებას ითხოვენ. შესაბამისი წერილით მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, გიგა ფარულავას მიმართეს.
Print