რეგიონი
ზუგდიდში "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ტელეკომპანიის ჟურნალისტს ემა გოგოხიასა და მის ოპერატორს ზვიად აბლოთიას "კონსერვატიული მოძრაობის" ადგილობრივ ოფისთან თავს დაესხნენ.


"კასტეტებით იყვნენ შეიარაღებულები, უმოწყალოდ სცემდნენ ოპერატორს, დაახლოებით 8 ადამიანი ერთდროულად სცემდა, ჩემზეც განხორციელდა ძალადობა. სამიზნე იყო კამერა, ერთმანეთს უთითებდნენ იმაზე, არის თუ არა კამერა დამტვრეული", - ამბობს ემა გოგოხია. 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

წუხელ, გვიან ღამით უცნობმა პირებმა "კონსერვატიული მოძრაობის" ზუგდიდის ოფისის შენობა უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს. მათ დატოვეს მეგრულენოვანი წარწერაც, "ვორდით, ვარდით, სორდით?" (ქართ. ვიყავით, არ იყავით, სად იყავით). სწორედ ამ ფაქტის გადასაღებად იმყოფებოდა "მთავარი არხის" ჟურნალისტი და ოპერატორი ადგილზე.

 

Print